weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ამ პარლამენტს არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად – ოპოზიციის ერთობლივი მემორანდუმი

15:22 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, უარს ამბობენ მანდატებზე და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვენ.

„31 ოქტომბრის საპარალემენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება.

ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ,

ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში.

ჩვენ ამ პარლამენტს არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. 

ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩვენების სისტემური გაყალბება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შალვა ნათელაშვილმა წაიკითხა.

დოკუმენტს ხელს აწერენ: საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“; „ევროპული საქართველო“; „ლელო“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი“; „ლეიბორისტული პარტია“; „სახელმწიფო ხალხისთვის“; „ევროპელი დემოკრატები“ „კანონი და სამართალი“; „ერთიანი საქართველო“; „მოქალაქეები“; „ტრიბუნა“; „გამარჯვებული საქართველო“; „სამართლიანობისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „თავისუფალი საქართველო“, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „სამოქალაქო ალიანსი“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტს ხელს არა მხოლოდ ის პარტიები აწერენ, რომლებმაც მანდატები მიიღეს, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს მასში მონაწილე არც ერთი ოპოზიციური პარტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), პროპორციული წესით „ქართულმა ოცნებამ“ 48.15 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ 27.14 %; „ევროპულმა საქართველომ“ 3.78 %; „ლელომ“ 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ 3.14 %; „გირჩმა“ 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 1 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]